ეუთო/ოდირის ოფისი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც, ეუთოს წევრ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაა, ქართული პოლიტიკური სპექტრის ინიციატივას საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელზე კანონპროექტის სახით ელოდება. ამისთვის ოპოზიციამ შეთავაზება პარლამენტში უნდა დაარეგისტრიროს.
სახალხო დამცველმა კონსულტაციები უკვე დაიწყო. ნინო ლომჯარია "დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების" ოფისის პრეზიდენტს ერევანში პირადად შეხვდა.
სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა ერთობლივი ბრიფინგი "ახალი საქართველოს" ოფისში გამართეს. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ინიციატივა პარლამენტში ხვალვე დარეგისტრირდება.
ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს, თუ საკუთარ არგუმენტებში ეჭვი არ ეპარება, ინიციატივა ვენეციის კომისიას თავად გადაუგზავნოს.
სახელისუფლებო გუნდი საერთაშორისო ექსპერტებისთვის კითხვების დასმას არ აპირებს. უმრავლესობა ოპოზიციის ინიციატივას არც ერთ გავლენიან ორგანიზაციას არ გაუგზავნის. "ოცნებამ" ოპონენტები დღეს "ტყუილში" და "პოლიტიკურ სპეკულაციებში" დაადანაშაულა.
სახელისუფლებო გუნდის მთავარი არგუმენტი კონსტიტუციაა. მთავრობა ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიციის შეთავაზებასაც, ისევე როგორც პარლამენტში ჩაგდებულ პროპორციულ სისტემას, ქვეყნის უზენაეს კანონში ცვლილება სჭირდება, რაც დღეს არარეალურია.
უმრავლესობის პასუხს ოპოზიცია დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ლიდერებმა თქვეს, რომ ხელისუფლებას საერთაშორისო ექსპერტების პასუხის ეშინია.
ოპოზიცის ლიდერები აცხადებენ, რომ თუ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას კანონპროექტთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებები ექნება, გაითვალისწინებენ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველი ეუთოს/ოდირის ოფისს დოკუმენტს გადაუგზავნის, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა ცნობილი 10 დღის ვადაში უნდა გახდეს.