ამერიკელი კონგრესმენები რუსულ აგრესიასა და საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობენ.
ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის "დიდი შვიდიანის" სამიტზე მიწვევის წინააღმდეგ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი.
"რუსეთს უკვე 10 წელზე მეტია, უკანონოდ აქვს ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს წარმოადგენს. თბილისს პუტინის სამხრეთ ოსეთში შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ ვესტუმრე - შესაძლებელი იყო, თბილისშიც შეჭრილიყო. ჩემი თვალით ვნახე იძულებით გადაადგილებული პირები, დაღუპულები და დაჭრილები. პუტინი დღეს საბჭოთა კავშირის წარსულის დღეებს აცოცხლებს. მან საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპები დაარღვია, უარყო დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტები და უარი თქვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. პუტინი დაუსჯელია. რუსეთის შეჭრებმა და ოკუპაციამ საქართველოსა და უკრაინაში ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. შედეგად დაირღვა ამ ორი ქვეყნის მოსახლეობის ადამიანთა უფლებები, " -აღნიშნა კრის სმიტმა.
რესპუბლიკელი კონგრესმენების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი პუტინის ძალადობრივი რეჟიმი და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაა.
„რუსეთი შეიჭრა უკრაინასა და საქართველოში და ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. დახოცა პოლიტიკური ოპონენტები რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ. რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება დიდი შვიდიანის ჯგუფის ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას მთელს მსოფლიოში. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, პუტინი არ არის ჩვენი მეგობარი. შეეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს არ შეუძლიათ პუტინის ნდობა, რადგან ის განაგრძობს ქვეყნის მართვას კორუფციის, მკვლელებისა და ჩაგვრის მიმართულებით. რუსეთი არ უნდა დაბრუნდეს დიდ შვიდეულში იქამდე, სანამ პუტინი პატის არ სცემს ჯგუფის პრინციპებს. საჭიროა წინ აღვუდგეთ ისეთ დიქტატორებს, როგორიც პუტინია," - განაცხადა მაიკლ მაკკოლიმ.