18 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
არც ჩვენ ვართ ცოტა, უკვე 30-ზე მეტი ვართ, ვაგრძელებთ პროცესს - დიმიტრი ხუნდაძე

უმრავლესობის დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელების უმრავლესობა მის ინიციატივას სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ ეთანხმება, ის პროცესს აგრძელებს და თანამოაზრეებთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს:

"დღევანდელი შეხვედრა სხვა შეხვედრებისგან განსხვავებული იყო, არ იყო აქ ზედმეტი დაძაბულობა, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ კანონპროექტი წარგვედგინა და დაგვესვა ის ძირითადი კითხვები, რასაც გუნდში არაერთხელ ვცდილობდით აგვეხსნა და კითხვებზე მიგვეღო პასუხი. კითხვებზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საარჩევნო სისტემას არ ვეხებით და ის რჩება შერეული სახის, ჩვენ საკითხს ვაყენებთ, რომ შემდგომი პროპორციული სისტემა და ჩანაწერები საკონსტიტუციო, იძლევა საშუალებას და საფუძველს იმისა, რომ  დესტრუქციულმა ძალებმა გააგრძელონ ქუჩაში. მათთვის უკვე ჩვეული და ყოველდღიურობად ქცეული დესტრუქციული ქმედებები. ამიტომ ამასთან დაკავშირებით, რაც ქმნის ძირითად საფრთხეს, რომ ამ სისტემით შეიქმნება არასტაბილური პოლიტიკური გარემო, იქნება მუდმივად რყევადი და ქუჩური გარჩევების საგანი. ხედავთ, რომ ქუჩაშია დესტრუქციული ძალა და ისინი, ამას ძალიან კარგად ახერხებენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამაზე ამომწურავი პასუხი, რომელიც ვერ მივიღეთ. პასუხები არ იყო აქამდე ჩვეული, რომ დავპირდით და შევპირდით,მაგრამ პრაქტიკულად იყო იგივე, რაც აქამდე მოვისმინეთ იმ კითხვებთან დაკავშირებით რა კითხვებსაც ვსვამდით,"- განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით საჭიროა კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა ამაზე დადებითი პასუხი პარტიის ხელმძღვანელობისგან ვერ მიიღო.

"მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა არ იყო საკმარისი, უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა ამაზე მე დადებითი პასუხი ვერ მივიღე, ვერ მივიღე დადებითი პასუხი კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაქვს ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პროცესს, გავალთ ხალხში, გავაცნობთ ჩვენ კანონპროექტს"- აღნიშნა ხუნდაძემ.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია ჰქონდა პარტიის ხელმძღვანელს ინიციატივასთან დაკავშირებით, ხუნდაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი გუნდის უმრავლესობასთან ერთად პროცესების ისე განვითარების წინააღმდეგია, როგორადაც ხუნდაძეს და მის თანამოაზრეებს აქვთ დაანონსებული. ხუნდაძის თქმით, მისი თანამოაზრეების რაოდენობა უკვე 30-ზე მეტია

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ ეს პროცესი განგვევითარებინა, ისე როგორც ჩვენ დავაანონსეთ, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს. უკვე ვართ 30-ზე მეტი,"- განაცხადა ხუნდაძემ.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა მოსალოდნელი მისი მხრიდან უმრავლესობის დატოვება, ხუნდაძემ განაცხადა რომ ის უმრავლესობის წევრი და პარტიის დამფუძნებელია და იყენებს თავის, როგორც კანონმდებლის უფლებას, წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მას მიაჩნია სწორად.

დღის ამბები