უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მოქალაქეებთან შეხვედრის შემდეგ, მას კიდევ უფრო გაუმყარდა აზრი მაჟორიტარული სისტემის უპირატესობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება ყაველაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომლის მთავარი თემაც სწორედ დიმიტრი ხუნდაძისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივა იყო, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით:
"ჩემთვის კიდევ უფრო გამყარდა აზრი, როცა ჩვენს მოქალაქეებს ვხვდებოდით და აღსაქმელადაც, თუ გაქვთ თქვენს საშუალება, თეორიებშიც რომ წავიდეთ, პროპორციულის და მაჟორიტარულის განსხვავებები რა არის, აქ ცალსახადაა, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მაჟორიტარული სისტემა, სადაც პირდაპირი წესით ირჩევა და პიროვნებებზე აკეთებენ აქცენტს," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გუნდში საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი არაა, მით უმეტეს, რომ უმრავლესობის უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია. მდინარაძისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ინიციატივის ავტორ დიმიტრი ხუნდაძეს, მისი თქმით, უმრავლესობის წევრების რაოდენობა, რომლებიც მაჟორიტარულ სისტემას ემხრობიან 30-ზე მეტია და ისინი ამ სისტემაზე გადასვლისთვის პროცესს აგრძელებენ, რაც პირველ რიგში მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას გულისხმობს.