არაერთი გამოხმაურების შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფო გათავისუფლება ეუთოშიც მოითხოვეს. ორგანიზაციაში, რომლის ერთ-ერთი წევრიც სწორედ რუსეთის ფედერაციაა, ევროპის 15-მა სახელმწიფომ უკანონო მავთულხლართები, ადამიანის უფლებების დარღვევები და რუსეთის პროვოკაციები დაგმო.
4-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ დროა, ევროკავშირის გარდა, საოკუპაციო ხაზთან სხვა მონიტორებიც გამოჩნდნენ.
საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება, თუმცა, ამის მიუხედავად, კვლავ უცნობია პასუხი კითხვაზე, როდის დაუბრუნდება ოჯახს ვაჟა ექიმი. ამ კითხვით დღეს თავისუფლების მოედანზე სხვადასხვა სფეროსა და შეხედულების ადამიანებმა მოიყარეს თავი. ისინი დატყვევებული მედიკოსის მიმართ სოლიდარობამ გააერთიანა და სწრაფი შედეგის მისაღებად ხელისუფლებისგან, პარტნიორებისა თუ მოქალაქეებისგან მეტი ძალისხმევა მოითხოვეს.
პარალელურად, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი სასამართლო სხდომის მოლოდინშია, რომელიც ოკუპირებული ახალგორის ე.წ. სასამართლოში უნდა ჩაინიშნოს. თარიღი კვლავ უცნობია, ოჯახი გაურკვევლობაშია, თუმცა ადასტურებენ, რომ ექიმის ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა საქმის მასალები უკვე მიიღო. ოჯახში იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ფულად ჯარიმას გაითვალისწინებს.
მძიმე ისტორიის მალე დასრულების მოლოდინი გამოთქვეს დღეს ხელისუფლებაშიც. პრემიერ-მინისტრი კვლავ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობაზე მიუთითებს, რომლებიც თავის მხრივ აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის პრობლემა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ამას მთელი მსოფლიო აკვირდება.
ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ არაეფექტური პოლიტიკით ყველა ის ბერკეტი გააქრო, რომლითაც მსგავს სიტუაციაში მოქმედება იყო შესაძლებელი. ოპოზიციაში საერთაშორისო მხარდაჭერას მიესალმებიან, თუმცა საკმარისად არ თვლიან.
მმართველ გუნდში ოკუპირებულ ცხინვალში კონტროლის ბერკეტების არარსებობაზე საუბრობენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ საკითხზე მუშაობა გრძელდება.
აბაშიძე-კარასინს შორის ნოემბრის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე გაჩნდა იმედი, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ექიმს მალე გაათავისუფლებდა. თუმცა ოკუპირებული ცხინვალიდან პასუხები დღემდე არ ისმის.
უკვე დღეს რუსეთისგან მიღებულ პირობაზე საუბრობს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც მოსკოვური შეხვედრებიდან საქართველოს სულ რამდენიმე საათის წინ დაუბრუნდა.
10-11 დეკემბერს რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბარი ჟენევაში გაგრძელდება. მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობა განხილვის საკვანძო საკითხი იქნება.
ორშაბათს ზუსტად 1 თვე გადის მას შემდეგ, რაც ვაჟა ექიმი ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეშია. ამ დღეს მისი ოჯახის წევრები და ახლობლები პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ.