უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს დილით უყრის. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, სახალხო დაცმველი და ოპოზიცია თვლიან, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე არალეგიტიმური იყო და დეპუტატებს კენჭისყრის ჩაგდებას მოუწოდებენ.
ოპოზიციაში აცხადებენ რომ, თუკი ხელისუფლება კენჭისყრას არ ჩაშლის, ეს იქნება პროპორციული არჩევნების დაპირებაზე უფრო დიდი მოტყუება და საპროტესტო აქციების ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა შერჩევა, კანონდარღვევით წარიმართა და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ე.წ კლანის და საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
"სწორედ ახლა, როცა ყველაზე მეტად გაბრაზებულია მოსახლეობა, უნდათ, რომ სიბრაზის დამატებითი საფუძველი შემოიტანონ. ჩვენი გეგმები ძალაშია, კენჭისყრის დროს იქნება პარლამენტის პიკეტირება, რა ტრიუკსაც არ უნდა მიმართოს "ქართულმა ოცნებამ,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.
"ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, ოცივე მოსამართლე უკან უნდა გაიწვიოს. უნდა შეაჩეროს ეს პროცესი და ჩატარდეს სამართლიანად, კლანის გარეშე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნები. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ერთადერთი მიზნისთვის, ივანიშვილის განემტკიცებინა სასამართლოზე კონტროლი,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობს" წევრმა, რომან გოცირიძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრასთან დაკავშირებით, ნეგატიური პროგნოზები აქვთ არასამთავრობო სექტორში. სამოქალაქო საზოგადოებაში აცხადებენ რომ, პროცესები რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შემდეგ პარლამენტში წარიმართა, სამართლებრივი ნორმებისგან იყო აცდენილი.
საკანონმდებლო ორგანო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატს, კენჭს 11 დეკემბერს უყრის.