ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შესახებ ევროპარლამენტარებმა დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის ელჩისგან პირადად მოისმინეს. ევროპელი კანონმდებლები დიალოგის უალტერნატივობაზე საუბრობენ.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემა ქვეყნის ასარჩევია, თუმცა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი ღიად აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან დაპირების შეუსრულებლობა უნდობლობის მიზეზი გახდა.
დიალოგს, რომ ალტერნატივა არ აქვს, ეს ევროპარლამენტარებმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგაც გაიმეორეს. ევროპელი დეპუტატები ამ პროცესში პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.
ევროპელი კანონმდებლები მმართველ გუნდს ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენაც მოუწოდებენ.
პოლიტიკური პატიმრების თემაზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრებიც ესაუბრნენ. დაკავებულების სია ევროპელ დეპუტატებს დღეს შეხვედრაზე ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც მიაწოდეს.
მმართველი გუნდის ოპონენტები ქვეყანაში შექმნილ კრიზისში უმრავლესობას ადანაშაულებენ და დარწმუნებულები არიან, რომ შექმნილი ვითარება საქართველოს საგარეო იმიჯს და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას მნიშვნელოვნად აზიანებს.
უშედეგოდ დასრულებული პირველი რაუნდის შემდეგ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა უმრავლესობამ.
მმართველი გუნდი შეხვედრას და მათთვის დამატებითი არგუმენტების წარდგენას ევროპარლამენტარებთანაც გეგმავს.
EuroNest-ის საპარალამენტო ასამბლეის ფარგლებში ევროპარლამენტარები ქვეყანაში კიდევ ორი დღე დარჩებიან.