პარლამენტში უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის, კაბინეტში მიმდინარე შეხვედრაზე, დღეს ე.წ. მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთავაზებაც განიხილებოდა.
მმართველ გუნდში ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა "ქართული ოცნების" წევრები არ გამორიცხავენ, რომ გარკვეულ კომპრომისზე წავიდნენ.
"მეორე რაუნდი პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის შედგა. შედგა საკითხის ერთ-ერთ სეგმენტზე წინასწარი შეთანხმება, რომ მხარეები ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებენ. დანარჩენი კი, რაც შესაძლებელია კონსტიტუციის ფარგლებში ჩაჯდეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მსჯელობის საგანი გახდეს," - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
"პრინციპი, რომ 73 უნდა იყოს სრულად მაჟორიტარული და 77 სრულად პროპორციული, შენარჩუნდება, რადგან ეს არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მე ვერ გეტყვით, რა მოცემულობა აქვთ ამ ე.წ. მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე, ჩვენ დამატებითი კონსულტაციები გვექნება ამ საკითხზე," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.