პარტია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრების კონსულტაციები დასრულებულია.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტარები, რომლებიც გუნდის უმრავლესობის წინააღმდეგ მიდიოდნენ, პოზიციებს თმობენ. ეს არის ერთადერთი შედეგი, რასაც უმრავლესობამ ორსაათიანი შეხვედრის დროს მიაღწია.
კონკრეტულად, უმრავლესობის ლიდერები აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ორი საარჩევნო სისტემას ეხებოდა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებსა და უმრავლესობას შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, მამუკა მდინარაძე დეტალებზე არ საუბრობს.
უფრო ზუსტად, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯებს არ განახორციელებენ.
“2-3 დღე ავიღეთ ყველამ, რომ გარკვეული ტექნიკური დეტალები შევაჯეროთ და უკვე პრინციპში, გადაჭრითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება. იმიტომ რომ, პრინციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არის და პოზიციები დავაახლოეთ. დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ა.შ. ამ შეთანხმების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებენ. ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე დღე, რომ ზოგადად, არა მხოლოდ მრავალმანდატიანზე, არამედ რადგან საუბარი წავიდა იმაზე, რომ მოდით, გავწიოთ ეს ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც მისი მსგავსია და ვილაპარაკოთ მაჟორიტარული სისტემის შიგნით, როგორ ავირჩიოთ დეპუტატები და მანდატები როგორ განაწილდეს და არა გერმანულის მოდელის მიხედვით, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საშუალება, ვიფიქროთ მრავალ თემაზე საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
„გუნდში მიდის მსჯელობა, ანალიზი, მოსმენა ერთმანეთის და შესაბამისად, ამის შემდგომ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი, პოლიტიკური არგუმენტები, მსჯელობა - ეს არის დემოკრატიული პრინციპი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
"ქართული ოცნების" ოფისში მმართველი გუნდის წევრები განიხილავდნენ საარჩევნო სისტემის ყველა იმ შესაძლო ვერსიას, რაც ოპოზიციამ მათ შესთავაზა. თუმცა, კონკრეტული საკითხების დეტალური განხილვა არ მომხდარა.
წავა თუ არა მაჟორიტარების შემდეგ დათმობაზე უკვე გუნდის უმრავლესობა - ხელისუფლება კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს და აანონსებს, რომ კვირის ბოლომდე შეთანხმების კონტურები გამოიკვეთება.
უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების“ ოფისში ევროკავშირის ელჩი მივიდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, კარლ ჰარცელი "ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება, თუმცა ვისთან მიმდინარეობს შეხვედრა და რას უკავშირდება მისი იქ მისვლა, ჯერჯერობით, უცნობია.