კარასინის ინფორმაციას აბაშიძე არ ადასტურებს. ხელისუფლებამ საქართველოში ვერცერთ უწყებას ვერ მიაკვლია რომელიც რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნის საკითხშია ჩართული. თუმცა რუსული ცენტრის წინააღმდეგ საქართველოში მანიფესტი, პეტიცია და ორი პარალელური ღონისძიება შედგა. რუსული ცენტრის გახსნაზე გრიგორი კარასინმა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ისაუბრა რუსულ მედიასთან, თუმცა პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მაშინვე განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ჟენევაში არ ყოფილა.
პოლიტიკოსები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სასულიერო პირები - ეს საზოგადოების წევრების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც დღეს ჯერ მანიფესტს მოაწერეს ხელი, შემდეგ კი ამ მანიფესტის შინაარსი სიტყვით გამოსვლებშიც გააჟღერეს.
"რუსული კულტურის ცენტრი - ახალი საოკუპაციო ბაზა საქართველოში" - ამ სახელწოდების კონფერენციის მონაწილეებს ერთი ძირითადი სათქმელი ჰქონდათ, რომ რუსი პოლიტიკოსების იდეას კულტურასთან საერთო არაფერი აქვს და საქართველოში მისი შექმნა დაუშვებელია.
რუსული კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებული საფრთხეების განხილვის გარდა კონფერენციის მონაწილეები იმ გზებზე საუბრობდნენ, რომელიც ე.წ. რბილ ძალას უნდა დაუპირისპირდეს. ამ სტრატეგიას ორი ძირითადი მიმართულება აქვს - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აქტიური პროტესტი.
სიტყვით გამომსვლელებსა და მსმენელებს შორის მრავლად იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ოკუპანტი ქვეყნის ქმედებებთან ერთად ისინი საქართველოს ხელისუფლებასაც აკრიტიკებდნენ და მმართველ პოლიტიკურ გუნდს რუსეთის მორჩილებაში ადანაშაულებდნენ.
პოლიტიკური ბრალდებები დღის ბოლოს უკვე მთავრობის ადმინისტრაციაშიც გაჟღერდა. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ირწმუნებოდა, რომ საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება. ამასთან, ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებდა. მმართველი გუნდის პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემაც გაახმოვანა.
ოფიციალური პირების უარყოფის მიუხედავად, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიიჩნევენ, რომ რუსი პოლიტიკოსების განცხადებების ყურადღების მიღმა დატოვება დაუშვებელია.
რისკების პრევენციის მიზნით, აქციები და კონფერენციები სამომავლოდაც დაანონსდა.