18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
გაფრინდაშვილის საქმეს არა მხოლოდ პოლიტიკასთან აქვს კავშირი, არამედ ჰუმანიტარული საკითხიცაა - ზალკალიანი

ავსტრიულ საინფორმაციო გამოცემა APA-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მოსკოვს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ექიმი, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

"მთელი საერთაშორისო საზოგადოება მიმართავს რუსეთს, როგორც ძალას, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიაზე, გაათავისუფლოს ეს პიროვნება. გაფრინდაშვილის საქმეს არა მხოლოდ პოლიტიკასთან აქვს კავშირი, არამედ ჰუმანიტარული საკითხიც არის და რაც ხდება, მიუღებელია," -  აღნიშნა მინისტრმა.

ინტერვიუში დავით ზალკალიანმა საოკუპაციო ხაზთან მსგავსი დაკავებების სხვა შემთხვევებიც გაიხსენა.

"უბრალო ხალხი - ადგილობრივი მიწათმოქმედები, რომლებსაც ხელოვნური ბარიერების გადაკვეთა უწევთ თავიანთ მინდვრებზე მისასვლელად - არაერთხელ გაიტაცეს, ცხინვალში ჩაიყვანეს და იქ პატიმრობაში ამყოფებდნენ. ადგილი ჰქონდა ასევე წამების შემთხვევებს; ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიღუპა ოთხი ადამიანი," – აღნიშნა ზალკალიანმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა წინა კვირას ვენაში ვიზიტით დაასრულა ხანგრძლივი ევროპული ტურნე, რომლის ფარგლებშიც იგი იმყოფებოდა სტრასბურგში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის გადმობარებისას, ასევე, ლონდონში ნატოს სამიტზე, ბრატისლავაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ყველა შეხვედრის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს  მხარდაჭერა გამოუცხადეს გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა APA-სთან საუბარში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან  მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესზეც ისაუბრა. სტატიაში აღნიშნულია ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ.

"სამწუხაროდ არ მოიტანა ხელშესახები შედეგი. საქართველომ აიღო ძალის არგამოყენებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულება, თუმცა, ამის მიუხედავად, არ გვაქვს რუსეთის ერთიანი პოზიცია, არ გამოიყენოს ძალა საქართველოს წინააღმდეგ," - განაცხადა ზალკალიანმა. 

დღის ამბები