უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭისყრამდე რეკომენდაცია იურიდიულმა კომიტეტმა გაუწია. 20-კაციანი სიიდან ვიზა სწორედ იმ 14-მა მიიღო, რომლებიც დღეიდან უკვე სამუდამო მოსამართლეები არიან.
სხდომას კომიტეტში ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. ამჯერად ძალადობის ობიექტები ჟურნალისტები გახდნენ. მანდატურების მიერ დარბაზიდან მედიის გაძევების სცენა ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს.
დღესვე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ "ოცნებისა" და "ნაციონალების" დეპუტატები. სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
იურიდიული კომიტეტის სხდომა დღეს ჟურნალისტებზე ძალადობისა და დაპირისპირებების ფონზე ჩატარდა. ვითარება დარბაზში იმდენად დაიძაბა, რომ შესვენების გამოცხადება გახდა აუცილებელი. სწორედ ამ დროს, პარლამენტის მანდატურის სამსახურმა დარბაზი ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით დაატოვებინა.
დარბაზში მედიის დაბრუნების და სხდომის განახლების შემდეგ თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილის თანამდებობრივი პასუხიმგებლობის საკითხი დააყენა. მისი თქმით, მანდატურებმა ჟურნალისტებზე სწორედ კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით იძალადეს. ბოკუჩავას ამ განცხადებას დარბაზში ისევ ხმაური და ურთიერთბრალდებები მოჰყვა.
ხმაური და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მანამდე დაიწყო, ვიდრე დეპუტატები უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს კენჭს უყრიდნენ.
ვიდრე მმართველი პარტია უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიდა, ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა სხდომის გადადება რამდენჯერმე მოითხოვეს. კენჭისყრის ჩაშლა დეპუტატების ნაწილმა კომიტეტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე ასვლითაც სცადა.
კენჭისყრის ჩაშლა და მისი გადადება "ნაციონალურ მოძრაობასაც" სურდა. ამისთვის რომან გოცირიძემ სიტყვით გამომსვლელთა ტრიბუნა დაიკავა.
ურთიერთბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ფიზიკურშიც გადაიზარდა. დაჩი ბერაიამ რომან გოცირიძეს წიხლი ჩაარტყა.
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველებს დღეს მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების მხარდაჭერა ჰქონდათ.
"ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს და ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტების თითქმის ერთწლიანი ხმაურიანი პროცესი დღეს დასრულდა. დღეიდან მესამე ინსტანციის სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე შეემატა.
ავტორი: ქეთი ზანთარაია