საქართველოს გზა ევროპისკენ – ეს დღევანდელი შეკრების მთავარი გზავნილი იყო.
როგორც მმართველი გუნდის ლიდერები ამბობდნენ, ამ შეკრების ინიციატივა ახალგაზრდებს ეკუთვნოდათ, ამიტომ ტრიბუნას ძირითადად "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იკავებდნენ, თუმცა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს "ქართული ოცნების" სამმა ლიდერმაც მიმართა, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც იყო.
"ქართული ოცნების" ლიდერების გზავნილები მალევე გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველო ევროპულ ფასეულობებს დაახლოვების ნაცვლად, პირიქით შორდება. როგორც შეკრების დაწყებამდე, ისე აქციის დასრულების შემდეგ ოპონენტები ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირებაზე საუბრობდნენ.
აქცია, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკურ პანაშვიდს ადარებს, "ოცნების" ლიდერებისთვის მასშტაბური საზეიმო ღონისძიება და ხელისუფლების მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება იყო, ამ შეკრებით მმართველმა გუნდმა საკუთარ წარმატებებს შორის ქვეყნის ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოება დაასახელა.
აქციაზე პოლიტიკური ლიდერების გამოსვლების გარდა ისტორიული ვიდეორგოლებიც აჩვენეს, რომელიც საქართველის ევროპულ გზას ასახავდა.
ავტორი: ქეთა ზანთარაია