18 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
წავიდნენ ივანიშვილს ესაუბრონ და მოიტანონ პასუხები, იქამდე მათი იზოლაცია გრძელდება - ოპოზიცია შეხვედრის შესახებ

ოპოზიციის და უმრავლესობის 5 საათიანი შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ სპექტრში.

მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება ვერც იმ საკითხზე, რომელიც მრავალმანდატიან ოლქებს ეხება და რომელზე პასუხისთვისაც უმრავლესობამ ერთი კვირის წინ, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან წვალობს.

"ძალიან წვალობს ხელისუფლება, ვერ ღებულობს პროპორციულს, ვერ ღებულობს ვერც "გერმანულს" და ვერც მის მოდიფიცირებულ ქართულ ვარიანტს, კატეგორიულ უარს ამბობენ მრავალმანდატიან ოლქებზე - მოკლედ, არაფერი მოსწონთ, არაფერზე ინსტრუქცია არ აქვთ, რადგან ჩვენ მანდატი გვაქვს, მათ - არა", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, მმართველი გუნდი თანახმაა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლოს.

"დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. “ქართული ოცნება“ თანახმაა, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. ამასთან, მათ ითხოვეს მეტი დრო, რომ საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ და სავარაუდოდ, მომავალ პარასკევს გვექნება მეორე შეხვედრა, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განმარტებით, ხელისუფლებას არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს, კერძოდ, კი მრავალმანდატიან კომპონენტზე.

წულუკიანის შენიშვნაზე, რომ ეს მოდელი მხოლოდ ავღანეთშია, ბოკერია ამბობს, რომ მინისტრის ნათქვამს არანაირი მნიშვნელობა აქვს. 

"წავიდნენ მათ უფროსთან, მოიკითხონ კიდევ და იწვალონ, სანამ არიან საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს წნეხის ქვეშ გარედან და ქვეყნის შიგნით - პროტესტის ქვეშ," - განაცხადა ბოკერიამ.

"შენების მოძრაობის" ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით,  შეხვედრების მესამე რაუნდზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი და საჭიროა მისი ცვლილება.

"ამასთანავე, მათ, ჯერ-ჯერობით, არ გაითვალისწინეს ჩვენი არცერთი წინადადება - არც გერმანული მოდელი და არც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ნაწილში, თუმცა საბოლოო პასუხად დღეს ვერც ვერაფერი შემოგვთავაზეს. შეხვედრები გაგრძელდება, არ მივცემთ შესაძლებლობას ხელისუფლებას, რომ მარტივად დაასრულოს ეს პროცესი. დღევანდელი შეხვედრის მთავარი შედეგი ისაა, რომ აღიარეს ცვლილების საჭიროება," - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით კი, დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოუმზადებლები მოვიდნენ.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებოდით, რომ მრავალმანდატიან სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება მოიტანდა კონკრეტულ წინადადებებს. გასაგები იყო წინა შეხვედრაზე, რომ ისინი მზად არ აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ ჩვენ დავეთანხმებოდით სტაბილურობის და ნორმალური არჩევნების მოპოვების მიზნით "გერმანული მოდელის" შუაზე გაყოფას და ნაწილ-ნაწილ განხილვას. ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი იყო და ეგონათ, რომ ჩვენ ჩავშლიდით შეხვედრას. ამიტომ, გასაგებია, რომ წინა შეხვედრაზე ისინი მზად არ იყვნენ პასუხისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი დღესაც მოუმზადებლები მოვიდნენ," - აღნიშნა ბურჯანაძემ.

 

დღის ამბები