პირველი ქალის და ხალხის მიერ ბოლოჯერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ერთი წელი გავიდა. თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ორად გაყოფილი საზოგადოება, რასაც ინაუგურაციის პარალელურად, დაპირისპირება მოჰყვა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და მთავრობის კრიტიკის ობიექტი, რომლებისთვისაც ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები შეწყალებასთან დაკავშირებით მიუღებელი აღმოჩნდა.
შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა დაშვებული შეცდომების გამო ამ უფლებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. მან მოასწრო შეეწყალებინა პედოფილიაში, მკვლელობასა და სხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები.
მორატორიუმის გამო უკვე ერთ თვეზე მეტია, სალომე ზურაბიშვილი არ იღებს წმინდა სინოდის შუამდგომლობას მამა გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე.
ერთი წლის განმავლობაში, შეწყალება ერთადერთი საკითხი არ იყო, რომელზეც მმართველი ძალა და სალომე ზურაბიშვილი ვერ თანხმდებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას ჯართან დაკავშირებით დაემთხვა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი თავდასხმა, რა დროსაც 5 ქართველი სამხედრო დაიჭრა. მთავარსარდლის განცხადება პირველმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა.
ქართული არმიის მისამართით ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება არ არის, მთავარსარდალმა რამდენჯერმე უთხრა ჯარისკაცებს, რომ ქართველი მოსახლეობა დაბომბეს და 2008 წელს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ რადიკალური ნაბიჯები და მეგობარი ქვეყნის გაღიზიანება გამოიწვია დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის მოულოდნელმა ვიზიტმა, რასაც, სავარაუდოდ, გარეჯის ცნობილი მოვლენები მოჰყვა.
მეხუთე პრეზიდენტს ხშირად აყვედრიდნენ, რომ ავლაბრის რეზიდენციის შენახვა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. სალომე ზურაბიშვილმა წინამორბედის შეცდომები გაითვალისწინა და დაემორჩილა მმართველი ძალის გადაწყვეტილებას. მან ბინა ათონელის რეზიდენციაში დაიდო. თუმცა მალევე გაირკვა, რომ მილიონობით ლარი რეზიდენციის მოსაწყობად და ანტიკვარიატის შესაძენად დაიხარჯა.
ერთი წლის განმავლობაში ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ზურაბიშვილი არ აფიქსირებდა საკუთარ პოზიციებს საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი იყო გეგუთიანთკარი, სადაც საოკუპაციო ხაზთან პრეზიდენტის ჩასვლას ელოდნენ, ამ დროს კი გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილი შვილთან ერთად ლოპოტას ტბაზე ისვენებდა.
საქართველოს პრეზიდენტი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, ფეისბუქპოსტები ხშირად ხდებოდა განხილვის მიზეზი, რის გამოც ის იძულებული იყო შინაარსი შეეცვალა ან დაშვებული შეცდომების გამო საერთოდ წაეშალა. სატელევიზიო ეთერებში გაკეთებულ განცხადებებს ხშირად უწუნებდნენ ოპონენტები, რასაც ხშირად ზურაბიშვილის მშობლიური ენის სრულყოფილად ცოდნის პრობლემებს უკავშირებდნენ. ფაქტია, რომ მთავარსარდლის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ხშირად ადმინისტრაციაში დამატებითი განმარტებები კეთდებოდა.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან არაერთხელ შეკრებილან პროტესტის გამოსახატავად. პროტესტი გამოიწვია რუსთაველზე აქციის დროს იქვე მდებარე სალობიეში მისმა ყოფნამ.
სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო პრესის ყურადღება მიიქცია ლიეტუაშიც, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტთან შესახვედრად ბეწვის ქურქით მივიდა და გიორგი მარგველაშვილთან პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე პროტოკოლი დაარღვია. საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის მიერ გავლილი წმინდა ნინოს გზა. სწორედ საქართველოს პრეზიდენტი მიუძღვებოდა მსვლელობას, რომელიც დღესასწაულზე ფოკაში დაიწყო. ერთი წლის განმავლობაში გაირკვა, რომ პრეზიდენტს უყვარს, მაგრამ არ გამოსდის მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ურთიერთობა და ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით, მაშინაც კი, როდესაც ჟურნალისტები კითხვებს სვამენ.