18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
"ჩემი შვილი კრიმინალი არ არის" - 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა მშობლები სოფო კილაძეს შეხვდნენ  

ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის მშობლები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა თანდასწრებით შეხვდნენ.

20 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა "ქართული ოცნების" დეპუტატს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბრალდებულები საპატიმროებში ცუდ პირობებში არიან.

"სრული ინფორმაცია მივაწოდე ჩემი ოჯახის ტრაგედიაზე, ჩემს შვილებზე. მე ორი ბრალდებულის დედა ვარ. მივაწოდე ყველაფერი ის, რა ზეწოლის ქვეშ არის ზურა ამ წუთში, რა მდგომარეობაში იმყოფება ციხეში. მივიღე დაპირება, რომ რაც შეუძლია დაგვიდგება გვერდით და გააკეთებს ყველაფერს, რაც მის კომპეტენციაში შედის.“ - განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ მაგული გობეჯიშვილმა

კიდევ ერთი დაკავებულის, ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი მისი შვილის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს. 

"ჩემი შვილი კრიმინალი არ არის, არის შრომისმოყვარე, წესიერი და უაზროდ შეყვარებული თავის ქვეყანაზე," - ამბობს რუსუდან თამლიანი. 

ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვას ელოდება, რომ საპატიმროში მყოფი პირები მოინახულონ. ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის განცხადებით, დაკავებულების მიმართ ზეწოლის ნიშნები იკვეთება.

"არის ზეწოლის ნიშნები, თამლიანს, მაგალითად გაკეთებული აქვს ოპერაცია და მისი მდგომარეობა უბრალოდ მოითხოვს, რომ ჩვენ შევიდეთ და ვნახოთ, როგორ მდგომარეობაშია. ჩვენ ველოდებით თალაკვაძესთან შეხვედრას, რომ მიიღოს მყისიერი გადაწყვეტილებები, რომ შევიდეთ და ვნახოთ ეს ადამიანები," - განაცხადა სერგო რატიანმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით, შეეცდებიან, კანონის ფარგლებში, დაკავებულების მშობლების მოთხოვნები გაითვალისწინონ.

"რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის თხოვნები რაც ჰქონდათ ამ ქალბატონებს, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, რისი გათვალისწინებაც არის შესაძლებელი კანონის ფარგლებში," - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

დღის ამბები