18 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
ხელოვნური ბარიერების მიღმა დატყვევებული ექიმი ამბასადორიალის მთავარი თემაა - რას აპირებს ქართული დიპკორპუსი

თბილისში შეკრებილი ელჩების მთავარი მისია ბოლო 40 დღეა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად პარტნიორების მობილიზებაა. ამავე ამოცანით მიუბრუნდებიან ისინი საკუთარ მისიებს, თუ ვაჟა ექიმს დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ. დაპირებების მიუხედავად, გაფრინდაშვილი კვლავ ხელოვნური ბარიერების მიღმა რჩება. სწორედ ამიტომ, ვაჟა ექიმი დღეს ელჩების კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

ტყვეობაში მყოფის საკითხი აქტუალურად რჩება იმ ორგანიზაციებშიც, სადაც არაერთი რეზოლუცია მოუმზადებიათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ არაადამიანურ ვითარებაზე. გაეროსა და ჟენევაში ქართველი ელჩები აცხადებენ, რომ მუშაობა გრძელდება, მათ შორის - რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაძლიერებით, თუმცა მოქმედების არეალი შეზღუდულია.

ახლადშექმნილ საკოორდინაციო საბჭოში კი, რომლის წარმომადგენლებიც რუსეთთან დიალოგის ორივე ფორმატში მონაწილეობენ, პრაღასა და ჟენევაში გაჩენილ მოლოდინებზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც რუსულმა მხარემ ექიმის რამდენიმე დღეში დაბრუნების იმედი გააჩინა. დიპლომატებისთვის გაუგებარია, თუ რა შეიცვალა.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ერთ-ერთი თემა იყო, რომელის ელჩების კონფერენციის სესიაზე განიხილეს. წლევანდელი შეკრება დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ახალი ინიციატივების შესახებ ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა არსებობს მიმართულებები, სადაც უკვე დაწყებული საქმეების გაგრძელების პერსპექტივებზეა საუბარი, ასეთია ლეგალური შრომითი მიგრაცია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.

ელჩების კონფერენციის მთავარი ხაზი წელს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობაა. სწორედ ამ რანგში დასახული პრიორიტეტების შესრულება იქნება ქართველი დიპლომატების ერთ-ერთი სამომავლო ამოცანა.

დღის ამბები