15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა, ნათია თურნავას თქმით, ის ლუკა სირაძის ოჯახს მთელი მთავრობის სახელით უსამძიმრებს. მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა:
"მე როგორც მთავრობის წევრი, როგორც ქალი, როგორც დედა, ძალიან ვწუხვარ იმ ტრაგიკული შემთხვევის გამო, რაც მოზარდის სიკვდილით დასრულდა. მთელი მთავრობის სახელით მინდა ვთქვა, რომ მოზიარენი ვართ ამ ოჯახის ტრაგედიისა, თუმცა ძალიან კარგად მესმის, რთულია რამეთი ანუგეშო ოჯახი, რომელმაც ასეთი დანაკარგი განიცადა.
რაც შეეხება გამოძიებას, იცით რომ აქ მოკვლევას აწარმოებს დამოუკიდებელი ორგანო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ რომ ყველა კითხვას, რაც კი არსებობს ამასთან დაკავშირებით, გაეცემა პასუხი," - განაცხადა ნათია თურნავამ.
მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი