ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ.
შესაბამისად, ოპოზიციამ მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ხვალისთვის დაგეგმილი პიკეტირება გააუქმა.
"უდიდეს მწუხარებასა და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია, ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. პირველ რიგში, გვსურს, მივუსამძიმროთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო. ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა!
ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა და არც ბოლო იქნება მანამ, სანამ ქვეყანაში სისტემურ ცვლილებებს არ განვახორციელებთ. ლუკას ტრაგედიამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ხვალისთვის დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება გავაუქმოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვამბობთ ჩვენ სამართლიან, არაძალადობრივი პროტესტის სხვა ფორმებზე.
სისტემა სრულად წარმოგვიდგა მისი მანკიერი და ძალადობრივი ფორმით, აუცილებელია მისი დროული შეჩერება და შეცვლა!" - აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.