18 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
სხვადასხვა ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები საგარეო პრიორიტეტების შესახებ ახალ ინსტრუქციებს იღებენ

"ამბასადორიალი 2019" უკვე მეორე დღეა, გრძელდება. სხვადასხვა ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ახლა თბილისში არიან შეკრებილები და საგარეო პრიორიტეტების შესახებ ახალ ინსტრუქციებს იღებენ. დახურულ რეჟიმში მიმდინარე შეხვედრა სხვადასხვა თემატიკას ეთმობა.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა თემატური სესია, მათ შორის "NATO, შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველო", ასევე "საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა".

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ თურქეთის გამოწვევები საქართველოსთვისაც დიდი გამოწვევაა იქიდან გამომდინარე, რომ სირიის საზღვარი საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 600 კილომეტრშია.

"თურქეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. რა თქმა უნდა თურქეთის გამოწვევები რაღაც გარკვეული პროცენტით ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა თუ ჩავთვლით იმას, რომ სულ რაღაც 600 კილომეტრში არის სირიის საზღვარი საქართველო-თურქეთის საზღვრიდან და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები თურქეთში," - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. 

"ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს თანამშრომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. აზერბაიჯანი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს განხორციელდა რიგი ძალიან მაღალი რანგის ვიზიტები, პირველ რიგში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და კაბინეტის წევრების. დაგეგმილი არის რიგი შეხვედრები 2020 წელს. მსჯელობა იყო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის უახლოეს პერიოდში დაგეგმილი არის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის გამართვა," - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

დღის ამბები