18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, მოზარდის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს ისე, რომ არ დარჩება კითხვის ნიშნები - პრემიერი

"დარწმუნებული ვარ, მოზარდის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი გამოიძიებს ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაევალათ, გამოძიებასთან ინტენსიურად ითანამშრომლონ.

გარდა ამისა, გიორგი გახარიას განმარტებით, მომხდარიდან აუცილებელია კონკრეტული დასკვნების გაკეთება.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, რომ სახელწიფო ინსტრუქტორის აპარატი, სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს, ისე რომ არ დარჩება არცერთი კითხვის ნიშანი. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

თუმცა უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები, ჩვენ უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა მივცეთ შესაბამის უწყებებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვების და ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.

განათლების სამინისტრომ ყველა სხვა უწყებასთან ერთად უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი განათლების ამაღლების მიმართულებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ასევე იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ როდესაც სამართალდამცავ სისტემასთან აქვთ მათ შეხება.

რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რომლებიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ განათლების სამინისტროს აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პრაქტიკულად, პრევენციულად იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომელიც მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლოა იყოს იდენტიფიცირებული. ეს არის ის მიმართულებები, რომელზეც ჩვენ სისტემურად უნდა ვიმუშაოთ და ეს არის მიმართულებები, რომელზეც სწრაფი შედეგი უნდა დავაყენოთ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ უფრო სწრაფად.

ვფიქრობ, რომ დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის რასაც სახელმწიფო აკეთებს სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი რაც ეხება ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

დღის ამბები