18 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები განახლდა

ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი, პიკეტი, აქციები და სამომავლო გეგმები - ოპოზიციამ კონსულტაციები განაახლა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები დახურულ კარს მიღმა, სწორედ ამ საკითხებზე საუბრობენ.

გარდა ამისა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის სახელით სამძიმარი გამოუცხადა ლუკა სირაძის ოჯახს. ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი პიკეტირებები, სწორედ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო არ გამართა. 

"ჩვენი საერთო ტრაგედია, ჭირისუფალია მთელი საქართველო და დღეს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდობა, მომვალია თაობა, მათი უსაფრთხოება, მათი სიცოცხლე იყოს დაცული ყველანაირი საერთაშორისო საშუალებებით. სწორედ ამიტომ იკრიბება აქ პოლიტიკური სპექტრი და სწორედ ამ გზებზე ვმსჯელობთ, რომ ძალიან მალე დასრულდეს ასეთი შავი დღეები ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

აღსანიშანავია, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან დათმობის აუცილებლობაზე საუბრობს.

"უბედურება ხდება საქართველოში. ფემიციდი, რომელიც არ წყდება, ბავშვების თვითმკვლელობები და ამ ფონზე ხელისუფლება ამბობს, რომ კრიზისი არ არის," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად  აუცილებელია ქვეყანა პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ფორმატი და კონსულტაციები გრძელდება. იმედი არ აქვს რომ ხელისუფლება მორიგ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შეთავაზებით მივა.

 ხვალ მეოთხე რაუნდის ფარგლებში ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხება.

 

დღის ამბები