საქართველო ზღვარზეა - ტრამპს შეუძლია ახალგაზრდა დემოკრატია რუსეთისგან იხსნას - ამ სათაურით გავლენიანი ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი სტატიას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აქვეყნებს. სტატიაში წერია, რომ ბოლო თვეებში ათასობით ქართველი ქუჩაში გამოვიდა და პოსტსაბჭოთა ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლა გააპროტესტა. საუბარია საარჩევნო სისტემის დაპირებული ცვლილებების ჩავარდნაზე.
"ამერიკის შეერთებულ შტატებს ყოველთვის არ შეუძლია ასეთი რეგრესის თავიდან აცილება, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია თბილისი დემოკრატიის გზას დაუბრუნოს.
ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მომხრეებმა ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტები შეარყიეს და საპროტესტო აქციები მკაცრი მეთოდებით დაშალა. შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთება შეუძლია, ივანიშვილმა რუსეთში 5 მილიარდი დოლარი იშოვა, მას დასავლეთში აქვს ფასიანი ქაღალდები და აქტივები. მუქარა, რომ მის სიმდიდრეს და მის გადაადგილებას სანქციები შეეხება, უფრო ეფექტური იქნებოდა ვიდრე საჯარო განცხადებები. შტატებს არ შეუძლია თბილისს მიუთითოს, მაგრამ ამან შესაძლოა საქართველოში იმ პოლიტიკურ მოძრაობებს მისცეს ახალი ცხოვრება, რომლებსაც მოსკოვს ვაშინგტონი და ბრიუსელი ურჩევნიათ," - ნათქვამია სტატიაში.