18 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
"მივიჩნევთ, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივა არის სრულიად ცინიკური და საზოგადოების დაცინვა" - მიხეილ ბენიძე

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, რომლის მიხედვითაც 150  საპარლამენტო  მანდატიდან  50 მაჟორიტარული და 100 პროპორციული წესით უნდა განაწილდეს, არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებით ეხმაურებიან.

მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მმართველი გუნდის დღევანდელი შემოთავაზებიდან ჩანს, რომ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ისეთ საარჩევნო სისტემაზე დათანხმება სურს, რომელიც მათ მეტ შესაძლებლობას დაუტოვებს, ძალაუფლება შეინარჩუნონ.

"მართალია, აღნიშნულ შეთავაზებას "ქართული ოცნება" უწოდებს ოპტიმალურ, კომპრომისულ შეთავაზებას, მაგრამ სინამდვილეში, ამ შეთავაზებით მმართველი გუნდი კიდევ უფრო შორს წავიდა და დაადასტურა სურვილი, რომ მათ 2024 წლისთვისაც კი არ უნდათ სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და უნდათ, გააუქმონ ეს უკვე მიღებული ინიციატივა.

ეს ინიციატივა არა კომპრომისის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შთაბეჭდილებას ტოვებს, არამედ პირიქით, ეს იწვევს უკვე არსებული კონსესურ ვარიანტზეც კი ვითარების გაუარესებას. შესაბამისად, სრულიად მიუღებელი და არასერიოზულია ამ ინიციატივის შემოთავაზება ამ პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა არ არის კონსტიტუციური, შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს ინიციატივა გახდეს დასაშვები, სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები და თუ მმართველ გუნდს აქვს ან ჰგონია, რომ ექნება საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი, მაშინ უმჯობესია, ეს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მუშაობა მიმართული იქნას ან პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე, რაზეც მთელი ქვეყანა თანხმდება, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.წ. გერმანულ მოდელზე მოხდეს კონცენტრირება,“ - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

ბენიძე მმართველი გუნდის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას "საზოგადოების დაცინვას“ უწოდებს. მისივე თქმით, პროპორციული არჩევნების ჩავარდნაზე, სრული პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შექმნილი კრიზისული ვითარების განმუხტვისთვის ხელისუფლება არანაირ ქმედით ნაბიჯს არ დგამს.

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღევანდელი ინიციატივა არის სრულიად ცინიკური და საზოგადოების დაცინვას წარმოადგენს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა გამოკითხვით, ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას,“ - აღნიშნა ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულოს საკუთარი დაპირება, ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ან საზოგადოებას შესთავაზოს ისეთი მოდელი, რომელიც მოქალაქეების განწყობებს ითვალისწინებს. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები