აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა "რუსთავი2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდგომ პროცესებსა და საქართველოში განვითარებულ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.
"რუსთავი2"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ მიდის დიალოგის პროცესები პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ და რა მოლოდინი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა:
"კანონპროექტის ჩაგდება იყო იმედგაცრუება, რადგან ამ საკითხზე დიდი მოლოდინი არსებობდა, ჩვენ ვცადეთ პროცესს დიალოგის ხელშეწყობით დავხმარებოდით, ძალიან ვაფასებ რომ, როგორც მმართველი ასევე, ოპოზიციური პარტიები დათანხმდნენ მოლაპარაკებებს, რათა განხილულიყო საარჩევნო სისტემის ცვლილებების საშუალებები, რომლებიც სამართლიანად წარმოადგენს და ასახავს ქართველი ხალხის ხმებს არჩევნებზე.
უმნიშვნელოვანესია იყოს პოზიტიური გარემო ნდობის აღდგენისთვის, მოვუწოდებთ ყველა ჯგუფს, რომელიც სარგებლობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, ეს გააკეთონ კანონის უზენაესობის ფარგლებში და არასოდეს მიმართონ ძალადობას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამართალდამცავი, საგამოძიებო და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები სიფრთხილით მოეკიდონ პროცესს და დაიცვან სრული ობიექტურობა პოლიტიკური გავლენების გარეშე, ეს ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს შექმნას, რომლის მიმართაც არსებობს ნდობა.
არ ვიცი როგორ დამთავრდება მოლაპარაკებები, რომლის მეოთხე რაუნდიც უკვე შედგა, მთავრობამ წარმოადგინა ახალი შეთავაზება, რასაც მივესალმეთ კიდეც თუმცა, მასზე შეთანხმება არ მიღწეულა. ახლა ავიღებთ გარკვეული პერიოდით შესვენებას, მონაწილეებს ექნებათ საშუალება ანალიზი გააკეთონ, ამ პროცესს კი იანვრიდან გავაგრძელებთ. ვფიქრობ, კონსტრუქციულია, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ერთ-ერთმა მხარემ რაღაც ახალი წარმოადგინა, მე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ გახდება თუ არა, ეს შეთანხმების საფუძველი და ვერ ვიტყვი რომელია სწორი საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის, ეს ქართველების გადასაწყვეტია.
შევხედავთ სხვადასხვა შეთავაზებებსაც, საბოლოო უარი არაფერზე ყოფილა. უნდა მოიძებნოს საუკეთესო გზა იმისათვის, რომ დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო მთავრობას ქართველი ხალხისთვის, დემოკრატიას კი წინ წაწევს," - განაცხადა "რუსთავი2"-თან ინტერვიუში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.