ქართული ოპოზიციის ნაწილი ახალი პარტიის "ლელო საქართველოში" ჩამოყალიბებას მიესალმება. პოლიტიკოსები არ საუბრობენ, რა შანსი შეიძლება ჰქონდეს პარტიას არჩევნებში და აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ ამომრჩევლის გადასაწყვეტია.
"დემოკრატიულ ოპოზიციაში ყველა გაერთიანებას მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ. შანსებს წყვეტს ამომრჩეველი და ქართველი ხალხი. ჩვენი საერთო ამოცანაა, ეს პოლიტიკური ჭირი მოვიშოროთ მშვიდობიანად, რასაც ივანიშვილი და მისი კლოუნები ჰქვია," - აღნიშნავს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია.
"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე კი მოხარულია, რომ ქვეყანაში, მისი შეფასებით "მკაფიოდ დასავლური ორიენტაციის" გაერთიანება გაჩნდა.
"მინდა, წარმატებები ვუსურვო ლელოს, რადგან ძალიან საჭიროა, ერთგვარი დასავლური ხაზი შეიქმნას, დიდ რუსულ შემოტევასთან გასამკლავებლად, რომელსაც კარი გაუხსნა ბიძინა ივანიშვილმა," - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე კი მიიჩნევს, რომ პარტიის შანსები დამოკიდებულია, თუ რამდენად ეფექტიანად იმუშავებენ ამომრჩევლებთან.
"იმედია, ეს ორგანიზაცია კიდევ უფრო მეტს შემატებს ქართული დემოკრატიის განვითარებას და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად იმედია მიაღწევენ იმ მიზანს, რასაც პროპორციული და სამართლიანი არჩევნები ჰქვია," - ამბობს ბიწაძე.
პოლიტიკური პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, პარტიის გენერალური მდივანი კი - ბადრი ჯაფარიძე.