18 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციამ სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი არასწორად თარგმნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას უმრავლესობაში ეხმაურებიან.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ ოპოზიციამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არასწორად თარგმნა. მათი მტკიცებით, ეს იყო არა კრიტიკა, არამედ - მხარდამჭერი გზავნილი. 

"არამარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც ეს განცხადება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ადგილი აქვს აშკარა მიკერძოებას. განცხადება მარტივად ითარგმნება და მარტივად განიმარტება. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ოპონენტებსაც შეუძლიათ ამ განცხადების სწორად წაკითხვა, უბრალოდ - სხვაგვარად წარმოაჩენენ. მათ ძალიან კარგად იციან რომ ეს არის, რეალურად, მხარდამჭერი განცხადება.

რაც შეეხება ძალისხმევის გაძლიერებას, რომელზეც არის საუბარი, სასამართლოსა და პროკურატურასთან მიმართებაში, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ მთელი ეს პერიოდი და ამისთვის განხორციელდა მეოთხე ტალღა, რასაც პრაქტიკის დონეზე სჭირდება განხორციელება. 

ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ არის გამოწვევები, როგორც სასამართლოს, ისე პროკურატურის მიმართულებით და ეს არის ჩვენი რეფორმების მთავარი ობიექტი,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კობახიძე.

"ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც რეალურად წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში და საკმაო ხაზგასმით, რამოდენიმე დღის წინ იგივე იყო ნათქვამი, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიერ. 

პროკურატურაც, სასამართლოც და ნებისმიერი სახელმწიფო უწყების საქმიანობა უნდა დაიხვეწოს. ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურის ნდობის თემა, საზოგადოებას პროკურატურის მიმართ ნდობა მეტი უნდა ჰქოდეს, მაგრამ დღეს არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ჰქონდა 2012 წლამდე,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი. 

დღის ამბები