18 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
132 მლნ დოლარის დახმარება და საქართველოს საკითხი აშშ-ის ბიუჯეტში - შეფასებები თბილისში

ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი წლის ბიუჯეტში საქართველოს საკითხი ისევ მოხვდა. აშშ საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის და თანხა 132 მილიონ დოლარს შეადგენს.

დოკუმენტში არის ჩანაწერი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების შესახებ. აქტის თანახმად, დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყანა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

აშშ-ის გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. მათი თქმით, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი მხარდაჭერას არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ აძლიერებს. თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება თავდაცვას, უსაფრთხოებას განათლებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია აშშ-ის დახმარების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველომ  დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს.

"ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ამ მხარდაჭერის არის ის, რომ საქართველო იმყოფება რუსული აგრესიის ზონაში და რუსეთის აგრესიის შეკავება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია აშშ-ის უსაფრთხოების დოქტრინაში, რაც ავტომატურად ასახულია ბიუჯეტის კანონში იმისთვის, რომ ეს კომპონენტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამას სჭირდება საქართველოს მხრიდან ამ დახმარების ეფექტიანად გამოყენება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში ჩვენი მხრიდანაც უნდა ჩაიდოს უფრო მეტი რესურსი და პარალელურად საქართველომ უნდა შეინარჩუნოს დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი," - აცხადებს ბათუ ქუთელია.

დღის ამბები