18 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
აშშ-ის საბიუჯეტო კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - საქართველო ამერიკის უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს

ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი წლის ბიუჯეტში საქართველოს საკითხი ისევ მოხვდა. აშშ საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის და თანხა 132 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან 40 მილიონი მხოლოდ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვისაა განკუთვნილი.

მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის პრიორიტეტებს შორისაა სასამართლო სისტემა, არჩევნები და ეკონომიკა. ბიუჯეტის კანონში საქართველოზე განსაკუთრებული ჩანაწერი არსებობს, რაც, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იმის დასტურია, რომ პარტნიორობა მნიშვნელოვან ეტაპზეა.

დოკუმენტის თანახმად, დაფინანსების ნაწილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას მოხმარდება.

დოკუმენტში წერია, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის ქვეშაა და კრემლის ზეწოლის შეჩერება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

უკვე 4 წელია, ამ აქტით ამერიკა დახმარებაზე უარს ეუბნება და სანქციებს უწესებს ქვეყნებს და ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ. ასევე, ოფიციალური ვაშინგტონი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდებს, არ ითანამშრომლონ დე-ფაქტო რეჟიმებთან.

საქართველო ამერიკის უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა, ეს პროცესების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

მათივე შეფასებით, ამ ეტაპზე ამერიკის ფინანსური დახმარების გაზრდა ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არათუ ნარჩუნდება, არამედ ძლიერდება და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

აშშ-ს საბიუჯეტო კანონში საქართველოსთვის დაფინანსება, წინა წელთან შედარებით, 5 მლნ დოლარით გაიზარდა. აქტი ძალაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერისთანავე შევიდა.


დღის ამბები