18 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ 6 კანდიდატი შეირჩა - დოლიძემ იუსტიციის საბჭოში ლენინის სურათი მიიტანა

უზენაეს სასამართლოში დარჩენილ 6 ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არჩევანი 33 კაციანი სიიდან გააკეთა. ფარული კენჭისყრის შედეგად საბჭომ შემდეგი ექვსი კანდიდატი შეარჩია ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ილონა თოდუა, გენადი მაკარიძე, პაატა სილაგაძე, თეა ძიმისტარაშვილი.

კანდიდატები განსახილველად პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანოში  საკითხის განხილვა საერთო მოსმენების ფორმატში მოხდება.

საბჭოს არამოსამართლე წევრები პროცესების დარღვევით წარმართვაზე საუბრობენ.  ანა დოლიძე მტრულ ნაბიჯს უწოდებს იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას, რადგან მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მოსამართლეთა დანიშვნა დროებით შეჩერდეს, სანამ არ მოხდება სერიოზული რეფორმა.

"დღეს იუსტიციის საბჭომ მორიგჯერ შეირცხვინა თავი და ძალიან ბევრი ადამიანი და მოსამართლე, რომლის მიმართაც არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები, კვლავ წარადგინა უზენაეს სასამართლოში, თუმცა სიმბოლო ამ პროცესისა არის, იმ ადამიანის განცხადება 14 აგვისტოს, რომელმაც მიიღო 10 ხმა,  მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის, როდესაც მას მე ვკითხე, მისი გაგებით, მისთვის ვინ არის ლიდერი, მას არ გაახსენდა არც გამსახურდია, არც კოსტავა, არც დავით აღმაშენებელი, არც თამარ მეფე, მას გაახსენდა ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. მე დღეს ჩავთვალე, რომ სწორედ ლენინის პორტრეტი არის ამ ადამიანების, ამ სისტემის ერთაზროვნების ძალიან კარგი სიმბოლო,"- განაცხადა ანა დოლიძემ

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის გადაწყვეტილება გააფორმა, რომელიც კულუარებში იქნა მიღებული. ჯანეზაშვილი საბჭოს წევრებს შორის არსებულ შეთანხმებაზე და ბიულეტენებში არსებულ დამთხვევებზე საუბრობს:

"7 ბიულეტენში იყო 100%-იანი დარღვევა, რაც ბადებს ეჭვს, რომ ხომ არ შეთანხმდნენ წინასწარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მაღალი დამთხვევა წარმოუდგენელი," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების კრიტიკის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა უახლოეს მომავალში მოხდება, ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა. მისი თქმით, თავმჯდომარის შერჩევაზე მსჯელობა იუსტიციის საბჭოში უახლოეს მომავალში მოხდება. მიქაუტაძის თქმით, მისი კანდიდატურა ამ პოსტზე არ განიხილება, რადგან ამის ინტერესი ამ ეტაპზე არ აქვს.

 

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები