შალვა ნათელაშვილი ოკუპირებული ახალგორის რაიონში შექმნილ ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭოსგან რეაგირებას და სეპარატისტული ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს. ამ განცხადებით "ლეიბორისტების" ლიდერი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი წაყენებულ ულტიმატუმს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგორი იმ დრომდე იქნება ჩაკეტილი, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული პოლიცია პოსტს არ აიღებს.
"მივმართავ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ და არამუდმივ წევრებს, სასწრაფოდ, რიგგარეშე სხდომაზე განიხილეთ შექმნილი კატასტროფულ-ტრაგიკული ვითარება. დააწესეთ სასწრაფო სანქციები სეპარატისტ თვითმარქვია ბიბილოვის ადმინისტრაციასა და პირადად მის მიმართ, რათა ისინი ვერ გასცდნენ ჯავის რაიონსა და იმ გვირაბს, საიდანაც შემოძვრნენ. სხვა შემთხვევაში მოსახლეობას ემუქრება ფიზიკური მოსპობა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ოკუპირებული ახალგორი უკვე 114 დღეა ჩაკეტილი და მოსახლეობას ე.წ რეაზდახანის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ. ბოლო 4 თვის განმავლობაში ჩაკეტილი პოსტი 4-ჯერ გაიხსნა და ყველა ეს შემთხვევა მიცვალებულების გადასვენებას უკავშირდებოდა. საოკუპაციო რეჟიმს ფაქტობრივ ტყვეობაში ჰყავს საქართველოს დაახლოებით 1500-მდე მოქალაქე. რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. მწვავე უკმარისობაა მედიკამენტებისა და პროდუქტის.