ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უჩიპო პირადობის მოწმობების საკითხს არჩევნებს უკავშირებს. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვებს ბადებს.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ ჩნდება კითხვები, როდესაც სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას ციფრული პასპორტების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვის დასრულებამდე იღებს.
"ამ მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების დროს მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ, იგივე, სინოდის გადაწყვეტილება, რომელმაც თავის დროზე თქვა, რომ ეს შიშები არ არის დოგმატურად გამართლებული, თუმცა, სახელმწიფოს მოუწოდა, რომ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც უარს ამბობს ჩიპიან პირადობაზე, გარკვეული ალტერნატივები მაინც ჰქონდეს," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ.
საკითხს გამოეხმაურა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერიძეც. მისი განცხადებით, საჭიროა მაღალი საზოგადოებრივი კონტროლი და სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
"მესმის ის რისკები, რომელიც შესაძლებელია იყოს დაკავშირებული ამ გადაწყვეტილებასთან, განსაკუთრებით პირადობის მოწმობების ბეჭდვა წინასაარჩევნო პერიოდში. ამას დასჭირდება ძალიან მაღალი საზოგადოებრივი კონტროლი და სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომ არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები," - აღნიშნა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერიძემ.