ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პარალელურად კი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალ წელს მოსახლეობას მორიგი შეზღუდვით "ულოცავს".
ე.წ.საზღვარზე ერთადერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი იკეტება. მიზეზად საახალწლო ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები სახელდება. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ შეზღუდვაზე, საქართველოს პოლიტიკოსები განცხადებებს ავრცელებენ.
"ასეთია რუსეთის ბუნება, რომელიც ოკუპაციას აგრძელებს. მას არაჰუმანური და ველური ბუნება აქვს, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა გვაჩვენებს ასეთი არაჰუმანური ნაბიჯების ერთადერთი წამალია, მაღალ დონეზე ანუ, საერთაშორისო ასპარეზზე საკითხის აქტუალიზაცია. ამას კი მთავრობა უნდა შეეცადოს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რთული ვითარებაა, სწორედ ეს ვითარება უნდა ავალდებულებდეს მთავრობას, რომ მოახდინოს საკითხის აქტუალიზაცია," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანმა, გიორგი კანდელაკმა.
კიდევ ერთი დანაშაული - ასე აფასებს მომხდარს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.
"ეს არის კიდევ ერთი დანაშაული, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ჩადის, ამ აგრესიულ ქმედებებზე ოკუპანტმა შესაბამისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ფასი უნდა გადაიხადოს," - აღნიშნა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.
ე.წ.საზღვარზე მიმოსვლა ე.წ. საზღვრის"ქარძმანის" მონაკვეთზე, 30 დეკემბრის საღამოს 8 საათიდან დროებით შეწყდება და 3 იანვრის დილი 6 საათიდან გაიხსნება.