"ეს ოკუპაცია არის დროის წინააღმდეგ, ეს ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს.
არჩილ თალაკვაძე ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ სოფელ ქარძმანთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამაკავშირებელი ერთადერთი გადასასვლელის ჩაკეტვას მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტად აფასებს.
“ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში დე ფაქტო ხელისუფლება იყენებს ამას მოქალაქეებზე ზეწოლისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა, იწვევს სერიოზულ პრობლემებს. წლიდან წლამდე უარესდება მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეების საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ამიტომ, ეს ოკუპაცია არის დროის წინააღმდეგ, ეს ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი სოფელ ქარძმანთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამაკავშირებელი ერთადერთი გადასასვლელის ჩაკეტვას 30 დეკემბერს გეგმავს. მარიონეტული რეჟიმის კონტროლირებადი მედიის ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტი 2020 წლის 4 იანვარს გაიხსნება.