არასამთავრობო სექტორმა განვლილი 2019 წელი შეაჯამა. მესამე სექტორის შეფასებით, წელი პოლიტიკურად საკმაოდ მწვავე იყო.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ნონა ქურდოვანიძე აქცენტს შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებზე აკეთებს:
"აქცენტი გვქონდა გადატანილი შეკრებების და გამოხატვის თავისუფლების მონიტორინგის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ეს უფლებები იყო ერთ-ერთი ყველაზე მწვავედ დღის წესრიგში. შევაფასეთ, როგორც აქციის დაშლის ასევე საბოლოოდ როგორ მოხდა ამ ტიპის საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება," - განაცხადა საიას იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ.
ქვეყანაში კრიზისული პოლიტიკური მდგომარეობის მთავარ გამოწვევად საარჩევნო სისტემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მიიჩნევს უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე:
"მთავარი გამოწვევა იყო მძიმე კრიზისული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, მათ შორის ეს გამოიხატა პრობლემებით საარჩევნო სისტემაში და პროპორციულ სისტემაზე უარის თქმით, რამაც საბოლო ჯამში პოლიტიკური პროცესები გადაიტანა ქუჩაში," - განაცხადა გურამ იმნაძემ.
IDFI-ის მნიშვნელოვნად მიღწევად მიიჩნევს, სასამართლოს ღიაობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებას, არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი:
"დაკმაყოფილდა IDFI-ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც გაუმჯობესდა სასამართლოს ღიაობა, კერძოდ სასამართლო გადაწყვეტილებების ღიაობის საკითხი,"- განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.