18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
მესამე დღე საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევის გარეშე - კარანტინში ამ დროისთვის სულ 140 პაციენტი რჩება

კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაინფიცირდა. COVID-19 ახალგაზრდა ქალს იტალიაში დაუდასტურდა და ის ერთ-ერთ პროფილურ კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს მოქალაქემ საელჩოს ცხელ ხაზს მიმართა, საკონსულომ კი მისი რომში გადაყვანა უზრუნველყო.

საქართველოში COVID-19-ის ახალი შემთხვევა უკვე მესამე დღეა, არ დაფიქსირებულა. ინფექციურ კლინიკებში მიმართვიანობა იზრდება, თუმცა საეჭვო პაციენტების ტესტის პასუხები უარყოფითია.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს მაღალი ტემპერატურით თავად მიმართა იმ 30 წლის მამაკაცმა, რომელიც 25 თებერვალს ჩამოფრინდა. საეჭვო პაციენტის ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კი ხუთი პაციენტი რჩება, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

საქართველოს მასშტაბით, კარანტინში ამ დროისთვის სულ 140 პაციენტია, თვითიზოლაციაში რჩება 50-მდე მოქალაქე. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებშია მოწყობილი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 მოქალაქე ჰყავთ, საჩხერეში 26, აბასთუმანში 25, გორის სამხედრო ჰოსპიტალში კი 20 პაციენტი რჩება, მათ შორის 3 ჯარისკაცი, ირანის 5 და საქართველოს 12 მოქალაქე. არცერთ მათგანს ვირუსი ლაბორატორიულად არ დაუდასტურდათ.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქისთვის სპეციალურ დოკუმენტი გაიცემა, რომელითაც დასაქმებულ პაციენტებს განაცდური დღეები აუნაზღაურდებათ.

კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით კვლავ გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარებით მუშავდება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე, მიწისქვეშა გადასასვლელები და მუნიციპალური შენობები.

საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, დეზინფექცია ტარდება ვაგონებსა და სადგურებში. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ბაზებზეც. დღეს, ვირუსის გავრცელების რისკების შემცირების საკითხებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრაც გაიმართა. ამასთან, გამოიცა მთავრობის ნორმატიული აქტი ახალი რეკომენდაციებით.

დღის ამბები