კორონავირუსის შესახებ, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა ცოდნის დონე, სხვა სექტორის წარმომადგენელთა კომპეტენციისგან არ განსხვავდება - შედეგი ინტერნეტ-კვლევამ გამოავლინა.
მონაცემების მიხედვით, ჯანდაცვის მუშაკთა 30%-ზე მეტის აზრით, COVID-19 და გრიპის ვირუსი ერთი და იგივეა. ონლაინ გამოკითხვა 3 დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარეობდა და 5 ათას ადამიანზე მეტი ჩაერთო.
კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიასთან საბრძოლველად მზადაა. 55%-ის აზრით კი, ქვეყანა მზად არ არის, თუმცა სისტემა გამოწვევასთან გამკლავებას ეფექტურად ცდილობს.
მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ვირუსის შიში აქვთ, რაშიც მედიის როლს გამოყოფენ. ვირუსის გადაცემის გზებზე სწორადაა ინფორმირებული გამოკითხულთა 96%. კვლევა "ნეოლაბის" დაკვეთით მონაცემთა კვლევის ჯგუფმა ჩაატარა.
"სასიამოვნო იყო იმისა გაგება, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის დაავადების სიმპტომები და გადაცემის გზები. თუმცა, შედარებით დაბალია ცოდნა მედიკამენტისა და ვაქცინის არსებობის შესახებ. ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ არსებობს მედიკამენტი, მაგრამ ის არ არის საქართველოში. რაც ძალიან არ მოგვეწონა არის ის, რომ ჯანდაცვის მუშაკებსა და დანარჩენ მოსახლეობას შორის ცოდნის დონე დაახლოებით, იგივეა," - აღნიშნა ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა.
კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, ყველა უნდა გაერთიანდეს.
"დარგობრივ ასოციაციებთან მექნება მიმართვა, ამ პერიოდში აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, სპეციალისტებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის, რათა მათ უფრო კარგი ინფორმირებულობა ჰქონდეთ ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ვირუსოლოგმა, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორმა, გიორგი კამკამიძემ.