ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცალკეული მექანიზმები დაიხვეწა და განვითარდა, გასულ ორ თვეში მომხდარი 8 ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა და ოთხი მკვლელობის მცდელობა მიუთითებს, რომ არსებული სისტემა, რომელიც უმეტესად რეაქციულია და უკვე მომხდარ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავი უწყების ჩართულობას გულისხმობს, არ არის ეფექტური.
ტრაგიკულია 2019 წლის ქალთა მკვლელობის სტატისტიკა. 2019 წელს ქალის მკვლელობის 19 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 10 ოჯახური დანაშაულის ნიშნით. ხოლო 22 მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 18 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა ჩადენილი.
სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი, 2016 წლიდან აანალიზებს ქალთა გენდერული ნიშნით მომხდარ მკვლელობებს, მკვლელობის მცდელობებსა და თვითმკვლელობის შემთხვევებს. მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია ცალსახად მიუთითებს, რომ პრობლემები არსებობს როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე. ქალთა მკვლელობის საქმეთა ანალიზის შედეგებით ცალსახად იკვეთება, რომ ფემიციდი საზოგადოებაში არსებული გენდერული და სოციალური უთანასწორობის პირდაპირი შედეგია და მნიშვნელოვანია, ქალთა მკვლელობების პრევენცია დაიწყოს ბაზისური სოციალური სერვისების მიღების ეტაპზე, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვა და განათლება.
დღეს არსებული მდგომარეობა ნათლად მიუთითებს, რომ მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების ჩართულობით ფემიციდის პრევენცია არ ხერხდება. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კრიტიკულად გააანალიზოს არსებული პრევენციის სისტემა მომხდარ ქალთა მკვლელობის საქმეებთან მიმართებაში და საკვანძო უწყებების, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ჩართულობით იმუშაოს კონკრეტულად ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნისა და დახვეწის მიზნით.
დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში," - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.