სიცოცხლისთვის საშიში არასაკვები საღებავების შემცველი ნივთიერება სამი დასახელების საკვებ პროდუქტში აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული სხვადასხვა პროდუქტი შესამოწმებლად გერმანიაში მდებარე ერთ-ერთ ცნობილ ლაბორატორიაში გადააგზავნა. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ 36 პროდუქტიდან სამში ჯანმრთელობისთვის საზიანო საღებავი "სუდანი 1" აღმოჩნდა. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ამ საღებავის საკვებ პროდუქტში გამოყენება აკრძალულია.
შემოწმებული პროდუქტებიდან არასაკვები საღებავები აჯიკასა და ტომატის საწებელში აღმოჩნდა. მომხმარებელთა ნაწილი ამ პროდუქტებს სახლის პირობებში ამზადებს, ნაწილი კი, საფრთხის მიუხედავად, მაღაზიებში მაინც ყიდულობს.
საღებავის მავნე შედეგებზე მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეც საუბრობს. მადონა კოიძის თქმით, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მომწამვლელ ნივთიერებას ძირითადად საკვები პროდუქტების წითელ ფერში გადასაღებად იყენებენ.
კვლევის შედეგებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. ვასილ ბასილაძის თქმით, საფრთხის შესამცირებლად უწყებამ ოქტომბრიდან წითელი წიწაკის იმპორტი გაამკაცრა. "სუდანის" ჯგუფის საღებავების შემცველობაზე ლაბორატორიულად დადასტურებული ოქმის გარეშე პროდუქტი ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება.
ანალოგიური კვლევა 2019 წლის ზაფხულშიც ჩატარდა. ჯანმრთელობისთვის საზიანო არასაკვები საღებავები 42 ნიმუშიდან 6-ში აღმოჩნდა.