ქუთაისში გაუჩინარებულ ტურისტს ეძებენ. ნიდერლანდებიდან ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი 7 მარტს გაუჩინარდა. უკვე მეორე დღეა ახალგაზრდა სიიმ ვიგერიას პოლიცია უშედეგოდ ეძებს. სამაშველო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ მდინარე რიონთან. კამერების ჩანაწერებით დადასტურებულია, რომ ბოლოს ტურისტი მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველის ხიდის გავლით გადაადგილდებოდა.
23 წლის მამაკაცი მეგობრებთან ერთად რესტორან "ბარაქაში" იმყოფებოდა. დაწესებულება ორივემ არაფხიზელ მდგომარეობაში დატოვა. რიკ შტეხინგი პირდაპირ სასტუმროში დაბრუნდა, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭმა, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, გზა დამოუკიდებლად განაგრძო.
ამ საქმეში ერთი საეჭვო გარემოებაა. 23 წლის ჰოლანდიელის გაუჩინარებასთან ერთად, ზუსტად იმავე სასტუმროდან დაიკარგა ახალგაზრდა გოგო. ის საქართველოში ირანიდან ჩამოვიდა. არსებული ინფორმაციით, დაკარგულებს ერთმანეთთან კონფლიქტიც ჰქონდათ, თუმცა ორივეს ადგილსამყოფელი 7 მარტის საღამოს შემდეგ დაუდგენელია.
ჰოლანდიიდან ჩამოსულ ტურისტს სასტუმროში 8 მარტის დილამდე ელოდებოდნენ. ამის შემდეგ ადმინისტრაციამ დასახმარებლად პოლიციას მიმართა.
გაუჩინარებული 23 წლის ახალგაზრდას საქმეზე დეტალების გასარკვევად საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ სიიმ ვიგერიას ოჯახის წევრები. ისინი პოლიციის განყოფილებაში პირადად გაეცნობიან სამძებრო ღონისძიებების შედეგს და სავარაუდო ვერსიებს - როგორ გაქრა ქუთაისში ჰოლანდიელი ტურისტის კვალი.