ტყიბულში 5 მეშახტის მოწამვლის ფაქტს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი ეხმაურება.
"იემსის" სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის კოტე ერისთავის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ძიძიგურის შახტი დროებით დაიხურა, დასაქმებულებს სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით უწევდათ. ფაქტი დასაქმებულებმა პირველ ეტაპზე გააპროტესტეს, უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე, თუმცა მოგვიანებით პირობებს დათანხმდნენ.
"რამდენიმე კვირის წინ უარი თქვეს ტყიბულელმა მეშახტეებმა სამუშაოს შესრულებაზე სწორედ იმ მიზეზით, რომ სავენტილაციო გვირაბი, რომლითაც მოუწევდათ სამუშაო ადგილზე მისვლა, იყო მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაგროვილი მხუთავი აირის გამო. რეალურად დადგა ის შედეგი, რომელსაც ელოდებოდნენ.
10 მეშახტე გარდაიცვალა 2018 წელს ძალიან მძიმე პირობების გამო. სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ მხოლოდ დასკვნის მომზადების შემდგომ განახლდებოდა იქ ნახშირმოპოვებითი სამუშაოები. მოხდა ისე, რომ დაიდო დასკვნა ძალიან მძიმე რეკომენდაციებით, თუმცა სახელმწიფოს ეს არ გაუთვალისწინებია," - განაცხადა კოტე ერისთავმა.