კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებულებით, თანამშრომლებს შეზღუდვები დაუწესდათ.
დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატები და პარლამენტის თანამშომლები, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში იმყოფებოდნენ, საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა მივიდნენ.
თვითიზოლაციაში უნდა დარჩნენ ის თანამშრომლებიც, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ მოქალაქეებთან, საჭიროების შემთხვევაში კი, სამუშაო დისტანციურად უნდა განახორციელონ.
"ბრძანება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის თვითიზოლაციის და კარანტინის პირობები, ასევე სამუშაო მივლინებები. აქ საუბარია პარლამენტში დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებზე, ასევე უცხო პირთა შემოსვლაზე და საჯარო ღონისძიებებში მათ მონაწილეობაზე. ასევე განსაზღვრულია დისტანციური მუშაობის წესები და შრომის ანაზღაურების საკითხები," - განმარტა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაგდა ანიკაშვილმა.