ხვალიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს საზღვარს ვეღარ გადმოლახავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საგანგებო რეჟიმი 2 კვირის განმავლობაში იმოქმედებს.
საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ამ დრომდე წითელ ზონაში რჩებიან და საქართველოში გამომგზავრება სურთ, ის ავიარეისები უნდა გამოიყენონ, რომლებიც ჯერ კიდევ სრულდება.
საქართველოს მიმართულებით ფრენებს არ აჩერებენ "საქართველოს ავიახაზები", თურქეთის ავიაზახები კი რეისებს 20 მარტამდე შეასრულებს. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია არ შეეხებათ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს, ასევე ოჯახებს, სადაც ერთ-ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი საქართველოს მოქალაქეა. ამ დროისთვის უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, სტუდენტების აღრიცხვა და მათი ავიარეისებზე გადანაწილება მიმდინარეობს.
საჰაერო სივრცესთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე ინფორმაცია უკვე მიაწოდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საერთაშორისო ავიაკომპანიებს. ახლა სწორედ მათ უნდა დაადგინონ ფრენების ახალი განრიგი. სააგენტოში აცხადებენ, რომ შეზღუდვები წესდება მხოლოდ უცხო პირებისთვის და საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნებათ.
დაინფიცირებულების რაოდენობის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად მკაცრდება ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები. იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავონ იუსტიციის სახლებსა და სერვის ცენტრებში მისვლისგან, მით უფრო ბავშვებთან ერთად. მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრობის წევრები ამ დროისთვის საგანგებო ვითარების გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავენ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეპიდემიას ჯერჯერობით მართავს. დაწესებული რეგულაციებისა და განკარგულებების აღსასრულებლად მონიტორინგის ჯგუფები შეიქმნება.
ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად დღეს მორიგი ახალი გადაწვეტილება გამოაცხადა თბილისის მერმა. კახი კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი გარკვეული პროგრამებით დასაქმებული ადამიანების დაფინანსებას განაგრძობს, სხვადასხვა ცენტრებში დასაქმებულ პედაგოგებს კი ხელფასებს უნარჩუნებს.