18 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ცხოვრება საგანგებო მდგომარეობის პირობებში - როგორ ებრძვის მსოფლიო COVID-19-ის გამოწვევებს

კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი ვაქცინა შეერთებულ შტატებში გამოსცადეს. მოხალისე 43 წლის ჯენიფერ ჰალერია. ტესტი ვაშინგტონის კვლევითმა ინსტიტუტმა "კაიზერ პერმანენტმა" ჩაატარა. პირველადი შედეგები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა წარმატების შემთხვევაშიც ფართომასშტაბიანი რეალიზაცია მომავალ წლამდე არ დაიწყება.

ამერიკელებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში უწევთ ცხოვრება. ქვეყანაში 4 727 ინფიცირებული და 93 გარდაცვლილია. დახურულია სკოლები, რესტორნები, კაფე-ბარები. დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ კრიზისი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდეს.

აუცილებელი და საგანგებო ზომები ამ ეტაპზე ვერ აფერხებს ვირუსის გავრცელებას პოლონეთში. COVID-19 პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს დაუდასტურდა. კაბინეტის 15 წევრი იზოლაციაშია. კვლავ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა იტალიაში. აპენინის ნახევარკუნძულზე ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა 349-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 2 100 გადააჭარბა. ფატალური შემთხვევების რიცხვმა მკვეთრად იმატა ესპანეთში და 491 შეადგინა. 148 ადამიანი გარდაიცვალა საფრანგეთში. ინფიცირებულებს შორისაა საფრანგეთის პარლამენტის ორი წევრი. ამის ფონზე პარიზი ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრებს სამშაბათიდან 1 თვით ჩაკეტავს.

ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. სომხეთში კორონავირუსი 64 ადამიანს აღმოაჩნდა, რუსეთში კი 93-ს. ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვას ითხოვს რუსეთის საპატრიარქო. არანაკლებ სერიოზულია მდგომარეობა თურქეთში, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 47-ს მიაღწია. ანკარა ევროპის 9 ქვეყნიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. უკრაინაში კი შესაძლოა კორონავირუსის გამო, სარკინიგზო და მეტროპოლიტენის მუშაობა შეჩერდეს.

მას შემდეგ, რაც შტატებმა ვირუსის გამო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25%-მდე შეამცირა, საფონდო ბირჟაზე აქციებმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. ფაქტი 1987 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. დოუ ჯონის ინდექსი თითქმის 13 პროცენტით დაეცა. ვოლსტრიტზე კი 15 წუთიანი სავაჭრო პაუზა უკვე მესამედ დაფიქსირდა.

ეკონომიკური პრობლემები იქმნება ინდოეთშიც. დაიხურა თაჯ-მაჰალი, ასევე 150-მდე მუზეუმი, რამაც ტურიზმზე ნეგატიური გავლენა რამდენიმე დღეში იქონია. ქვეყანაში COVID-19-ის 129 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების კლების ტენდენციაა ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების 21 და გარდაცვალების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. კორეაში დაავადებას 9 000-მდე ადამიანი ებრძვის. მძიმეა სიტუაცია ირანში. ინფიცირებულია 16 169, გარდაიცვალა 988 პაციენტი. უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 190 000 აღწევს. გარდაიცვალა 7 510. კორონავირუსის დამარცხება 81 000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო. ამ ეტაპზე ევროპის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვირუსი არ დადასტურებულა, მონტენეგროა.

დღის ამბები