ახალი კორონავირუსი პირველი შემთხვევა და ინფექცია არ არის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, პანდემიად გამოაცხადა.
2009 წელს, ღორის გრიპის სახელით - H1N1-ის პანდემია თავდაპირველად მექსიკაში დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ H1N1-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა უფრო დიდი იყო, ვიდრე კორონავირუსის დღევანდელი მონაცემებია.
საერთო სტატისტიკით, COVID-19-ით თვეში 51 172 ადამიანი ავადდება. ღორის გრიპის დროს კი, თვეში 35 მილიონი ინფიცირდებოდა. ბოლო მონაცემებით, H1N1-ით 700 მილიონიდან - ერთნახევარ მილიარდ ადამიანამდე დაავადდა. გარდაცვალების შემთხვევები კი, სხვადასხვა მონაცემებით 150 ათასიდან 575 ათასამდე მერყეობდა.
ამ პანდემიის დროს, ღორის გრიპი საქართველოშიც დაფიქსირდა. სულ გვქონდა 120 შემთხვევა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა. H1N1-ის პანდემია 2010 წლის აგვისტოში დასრულდა. რაც შეეხება ეკონომიკურ გავლენებს, 2009 წელს ქვეყნებს ღორის გრიპი მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ერთნახევარი პროცენტი დაუჯდათ. პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 11 თვეში დამზადდა ვაქცინა.
სარსი- კორონავირუსებთან ასოცირებული, მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის ვირუსი - ეს ინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საგანგებო სიტუაციად არ გამოუცხადებია, თუმცა, არც ამ ვირუსს ჰქონია მცირე მასშტაბები.
სარსის შემთხვევაში, რომელიც 2002-ში გავრცელდა და 2004-ში დასრულდა, ფიქსირდებოდა შედარებით მაღალი სიკვდილიანობის დონე. 8096 დაავადებულიდან 774 გარდაიცვალა და სიკვდილიანობამ თითქმის 10% შეადგინა. თუ რატომ არ გავრცელდა სარსი კორონავირუსის მსგავსად, ამაზე ინფექციონისტები ამბობენ, რომ სარსის გადადება მხოლოდ თანმდევი დაავადებების არსებობის შემთხვევაში ხდებოდა.
ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს ისიც, რომ ამ ვირუსის სწრაფ დასრულებას ხელი შეუწყო ჰიგიენის ნორმების დაცვამ და ბუნებრივმა ფაქტორებმა: მაღალმა ტემპერატურამ და ტენიანობამ. საქართველოში სარსით დაავადების შემთხვევა არ ყოფილა. ამ ვირუსის ვაქცინა მაშინ იყო მზად, როდესაც სარსს უკვე დაკარგული ჰქონდა ძალა და ინფიცირების შემთხვევები მინიმალური იყო.
კიდევ ერთი ინფექცია, რომელიც მსოფლიოში ფიქსირდებოდა MERS-ია. ეს ვირუსი 2012 წელს გამოჩნდა და მისი აღმოჩენის შესახებ 27-მა ქვეყანამ განაცხადა. ამ ვირუსს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომავალი ეპიდემიის შესაძლო მიზეზადაც მიიჩნევს.
კორონავირუსისათვის დამახასიათებელ ზოგად სიმპტომებთან სიცხესთან და ხველებასთან ერთად, MERS-ი ასევე იწვევდა თირკმელების უკმარისობას. COVID-19-ის მსგავასად, ისიც განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობდა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.
მერსი საქართველოში არ დაფიქსირებულა. თუმცა, საკმაოდ მაღალი იყო გავრცელების არეალი. 2494 შემთხვევიდან 858 გარდაცვალება დაფიქსირდა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მკურნალობის პარალელურად მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ჰიგიენის ნორმების დაცვა.
ყველა შემთხვევაში იზოლაციამ, კარანტინმა და კონტაქტების მოძიებამ გადადების ჯაჭვი გაწყვიტა. ამ სტატისტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ სახლში დარჩენა და სოციალური პასუხისმგებლობა მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს.