პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება.
პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქალაქთაშორისო მიმოსვლა მაინც არ შემცირდება, მთავრობა დამატებით მკაცრ ნაბიჯებს მიიღებს.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას დღეს აქვს უფლება, შეზღუდოს სატრანსპორტო გადაადგილება, ჩვენ ამას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის იმედი და როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სახლში და პირველ რიგში ვზღუდავთ იმ საცალო მოხმარების ბიზნესის ნაწილს, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიგოთ, რომ უნდა დავრჩეთ სახლში და ყველა უნდა დავიცვათ ჩვენი პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების ნორმები.
თუ საჭირო გახდა და თუ შევამჩნიეთ და ვნახეთ, რომ ქალაქში, საქალაქთაშორისო მობილურობა მაინც არ მცირდება, შემდგომ უფრო მკაცრ ნაბიჯებსაც მივიღებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ არის რაღაც გადამეტებული ნაბიჯები, პირიქით, ჩვენ ახლა ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონიმიკის შემდგომი აღდგენის პოტენციალს შორის, მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ ჯანმრთელობა ნომერი ერთი პრიორიტეტია.
ჩვენ თუ დავინახეთ, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ან ცალკე აღებული რომელიმე კომპანიის არ შეესაბამება პრევენციის, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის იმ სტანდარტს, რა თქმა უნდა, ჩვენი ზომები იქნება კიდევ უფრო მკაცრი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.