18 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, ვერასოდეს ვერ დავთმობ ეკლესიას - მღვდელმსახური შალვა კეკელია

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება 10 კაცზე მეტის შეკრებას კრძალავს, შეზღუდვა ეკლესიას და რელიგიურ რიტუალებსაც ეხება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას წინ უძღოდა საპატრიარქოში გამართული წმინდა სინოდის სხდომა, სადაც გადაწყვიტეს, რომ წმინდა ზიარების წესი არ შეიცვლებოდა. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს რიტუალი, შესაძლოა მასშტაბური ეპიდემიის გამომწვევი იყოს.

საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ამ დროისთვის უცნობია.

თუმცა მაღალი სასულიერო პირების განცხადებით, შესაძლოა სინოდის საგანგებო სინოდის სხდომაც კი გაიმართოს, სადაც მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება განხილული.

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. შევიკრიბებით ისევ და ვიმსჯელებთ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ. დღეს საღამოს ყველა ტაძარში ტარდება ლოცვა. ძალიან გამიჭირდება რომ ვთქვა მოხდება ყველას გაფრთხილება, რომ ახლა რეგულაციები შემოვიდა სახელმწიფოში. ეკლესია არ დაიკეტება," - განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ.

"ის, რომ ადამიანებს ვუთხრათ, წირვაზე არ მოვიდნენ და არ ეზიარონ, პირიქით, ასეთ დროს უფრო ხშირად ეზიარებიან ადამიანები. აღდგომა დღეს რაც შეეხება, მე რომ მაგალითად მღვდელი არ ვიყო და ერის კაცი ვიყო, აღდგომა დღეს წირვას ვერ გავაცდენ, სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, მე ვერასოდეს ვერ დავთმობ ეკლესიას. აღდგომა დღეს სახლში ვერ დავრჩები. აღდგომა არის ყველა ქრისტიანისთვის. მირჩევნია მოვკვდე ხორციელად, ვიდრე აღდგომა დღეს წირვაზე არ წამოვიდე," - აღნიშნა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვამ.

მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება მრევლი. ამ შემთხვევაში პოზიცია ორად გაიყო. ერთი ნაწილისთვის გადაწყვეტილება და გარკვეული შეზღუდვების დაწესება მისაღებია, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ წესებს არ დაემორჩილება.

"ჩემი უფლებები არ დაირღვევა?! მე რომ მინდა წირვაზე მოსვლა და მიკრძალავთ ეს როგორ. მორწმუნე ვარ და უფლის უფრო მეშინია, ვიდრე ინფექციის," - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

"შეზღუდვა თუ დაწესდება და კანონი აკრძალავს, ალბათ ეკლესია შესაბამის ზომას მიიღებს. ისე გუშინ წმინდა სინოდმა მოგვცა რეკომენდაცია, რომ გარეთაც შეგვიძლია დავდგეთ და შესაბამისად დავანთოთ სანთელი. ჩემი აზრით სახლშიც შესაძლებელია ეს ყველაფერი," - აღნიშნა ერთ-ერთი ეკლესიის მრევლმა.

დღის ამბები