ქვეყანაში მარაგების დეფიციტი არ შეიქმნება, არ გაძვირდება პურის ფასი და არ შეიქმნება არ დისტრიბუციის პრობლემა.
განცხადებას აკეთებს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი.
მსხვილ სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, რომ მოხდა გადაწყობა ახალ რეჟიმზე, ამიტომ ისინი მუდმივად აკონტროლებენ როგორც მომხმარებლის რაოდენობას, მოთხოვნილებას ამა თუ იმ პროდუქტზე, ასევე იმ ახალ წესებს, რომელიც საგანგებო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ დაწესდა. ეს არის დისტანცია და ერთ სივრცეში მოქალაქეების რაოდენობის შეზღუდვა.
"დღეს "გუდვილის" ქსელში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მუშაობა. რათქმაუნდა, გვაქვს მოწოდება მომხმარებელთან, რომ დაიცვან დისტანცია. მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ნიშნულები.
მარაგების მხრივ, მინდა დავამშვიდო მომხმარებელი, რომ საკმარისზე მეტია და უხვად ნახავთ ჩვენს დახლებზე მრავალფეროვან პროდუქციას,"-უთხრა "კურიერს" ჰიპერმარკეტ ”გუდვილის” პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნატა წერეთელმა.
"გავითვალისწინოთ ყველა ის რეგულაცია, რომელიც მოგვცა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ მაღაზია მუშავდება ქიმიური ხსნარით, ასევე, არის მაჩვენებლები, რომელიც გვაჩვენებს, რომ მეტრნახევარი დისტანცია დავიცვათ, შიდა რადიოთი კი ორ-სამ წუთში ერთხელ თავიდან ბოლომდე შევახსენებთ რეკომენდაციებს," -განმარტავს "სმარტის" გენერალური დირექტორის მოადგილე ზვიად მეფარიშვილი.
"ჩვენ შეფერხება არცერთ ძირითდ სასურსათო პროდუქტში არ გვაქვს. სამინისტროში დღში რამდენჯერმე გვაქვს შეხვედრები, რომ გავაკონტროლოთ როგორც მარაგები, ასევე ფასები,"-ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.