მარნეულში გამართული წლისთავი 2 მუნიციპალიტეტის, ბოლნისისა და მარნეულის წითელ ზონად გამოცხადების მიზეზი გახდა.
67 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ ოფიციალურად დაუდასტურდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ჰოსპიტალიზაციამდე ის რამდენიმე თავშეყრის ადგილს სტუმრობდა. ინფიცირებული იმყოფებოდა წლისთავზეც, სადაც სტუმრები, როგორც მარნეულიდან და ბოლნისიდან, ასევე აზერბაიჯანიდან იყვნენ.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები არ ფლობენ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული ქალი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის აზერბაიჯანიდან მარნეულში ჩავიდა და მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია დამალა.
"კოვიდ-19"-ით ინფიცირებული ქალის ისტორია პირველია, როდესაც საქართველოში ვირუსის ე.წ. მეოთხეული გადაცემა მოხდა, ანუ როცა პაციენტი დაინფიცირების წყაროს ვერ ასახელებს.
67 წლის ქალი 3 დღის განმავლობაში პნევმონიას სახლის პირობებში მკურნალობდა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
პირველ ეტაპზე 90-მდე კონტაქტ-პირია დადგენილი, ვისაც "კოვიდ 19"-ით ინფიცირებულ ქალთან შეხება ჰქონდა. ისინი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, 3 მათგანის კვლევის პასუხი უარყოფითია.
სპეციალისტები ახლა ინფიცირებულ ქალთან შემხებლობაში მყოფი 90 პირის გარდა მათ ვინაობასაც ადგენენ, ვისაც ეს 90 ადამიანი თავის მხრივ ეკონტაქტა. ეს ციფრი პირველადი მონაცემებით 1700-ს უკვე აჭარბებს.
თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმში არიან მარნეულში მდებარე "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკის მედიკოსების ნაწილი, ვინც "კოვიდ 19"-ით ინფიცირებულს პირველ ეტაპზე მკურნალობდა.
26 მედიკოსიდან ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინშია. დაკვირვების ქვეშ იმყოფება "ჯეოჰოსპიტალსის" 50-მდე პაციენტიც.
კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა, ექიმის ინფორმაციით, დღეს შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მარნეულში "კოვიდ-19"-ის ე.წ. მეოთხეული გადაცემის დაფიქსირების გამო ორი მუნიციპალიტეტის 100 ათასზე მეტი ადამიანი იზოლაციაშია.