18 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ინციდენტი, რაც მარნეულში გუშინ მოხდა, ჩემთვის სამარცხვინოა - შს მინისტრი

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ მარნეულში პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტს სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი საქციელისთვის პასუხს ყველა აგებს.

"ის ინციდენტი, რაც მოხდა გუშინ, საკმაოდ სამწუხაროა და სამარცხვინოა ჩემთვის, მძიმეა საუბარი ნამდვილად. ადამიანები, რომლებიც ღამის 2 საათზე ადგნენ და ჩატვირთეს ეს კარვები, რომ არ გასჭირვებოდა მარნეულის მოსახლეობას და დახმარებოდნენ, მთელი ღამით იმუშავეს და შემდეგ რაც მოხდა, კი ნახეთ. შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. დავაკავეთ ორი პიროვნება, კიდევ ვმუშაობთ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, თუ მსგავსი ფაქტი განმეორდა, ყველა დაისჯება,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაკეტილ მარნეულში იმყოფება. 

ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება შსს-მ გაავრცელა - უწყების ინფორმაციით, ორი პირია დაკავებული. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა 23 მარტს მარნეულში პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები